წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები და არჩევნები
ამ წუთებში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” მედიაცენტრში ბრიფინგს მართავს.
ისინი დაკვირვებას წინასწარი დაკავების დაწესებულებებში ახორციელებენ და წინასწარ პატიმრობაში მყოფი დაახლოებით 1500მდე პირის მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების პროცესს აკვირდებიან.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში.
ნინა ხატისკაცი, პროგრამების დირექტორი:
13:00 დროისათვის 1500მდე პატიმრიდან მხოლოდ ერთმა მიიღო მონაწილეობა. მიზეზი ისაა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფთ არ აქვთ თან პირადობის მოწმობა.
ზუგდიდის საპყრობილეში 64 ადამიანი იმყოფება პატიმრობაში, რომელთაგან ვერცერთმა ვერ მიიღო მონაწილეობა ისევ და ისევ პირადობის მოწმობის არქონის გამო. თუმცა, კომისიას სიები მიღებული ჰქონდა მათი პირადი ნომრების მითითების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მაინც ვერ მოხერხდებოდა ხმის მიცემა პატიმრების მიერ, ვინაიდან ვერ მოხდებოდა მატი იდენტიფიცირება პირადი ნომრის მიხედვით. ამ დროისათვის, ზუგდიდის სპეციალური უბანი უკვე დახურულია.
არაფორმალური ინფორმაციით, არა მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში მყოფთ, არამედ პატიმრობამისჯილებსაც არ აქვთ უმეტეს შემთხვევაში პირადობის მოწმობები. თუმცა, კანონის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებს აქვთ.
გარდა პატიმრებისა, ადგილებზე გახსნილ სპეც.საარჩევნო უბნებში მონაწილეობას იღებენ საპატიმრო დაწესებულებების თანამშრომლებიც. კანონმდებლობის თანახმად ისინი არჩევნებში მონაწილეობას იღებენ არა საცხოვრებელი ადგილის, არამედ სამსახურის ადგილის მიხედვით. ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს წესი არასამართლიანია.
კატეგორია: ბლოგერები • ეკატერინე ონიანი


[...] [...]